logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "გამთეთრებლების" გაშავება

12 იან 202222:14
3 წუთის საკითხავი
 

ფულის გამთეთრებლები არა, მაგრამ თაღლითები არიანო, დაადგინა მოსამართლემ, დამნაშავედ ცნო და შვიდ-შვიდი წელიც მიუსაჯა, მაგრამ დანაშაულის ხანდაზმულობის გამო პატიმრობისგან გაათავისუფლა. ვერაფერს იტყვი, თითქოს ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილებაა. პროკურატურაც ვითომ კმაყოფილია და დაცვის მხარეც. თუმცა, განაჩენს ორივე ასაჩივრებს. სინამდვილეში ყველა ხვდება, რომ ეს მხოლოდ ტაიმ-აუტია. საქმე ისევ დამოკლეს მახვილივით ეკიდება ლელოს ლიდერების და ტელეკომპანია პირველის მფლობელი ოჯახის თავზე. მისი გამოყენების დროს და ფორმებს კი კვლავაც ივანიშვილი განსაზღვრავს.

ეს რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და სამართალთან კავშირი არ ჰქონდა, ამაზე პოლიტიკოსებიც თანხმდებიან, იურისტებიც და ინფექციონისტებიც. არც იმაში ეპარება ეჭვი ვინმეს, რომ მისი კონტროლის ქვეშ მყოფი სასამართლოს მეშვეობით ივანიშვილს მარტივად შეეძლო ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის ციხეში გაშვება, თუმცა მან ნაკლებად დრამატული სცენარი არჩია.

მთავარი კითხვა მაინც იმაში მდგომარეობს, თუ რატომ მოიქცა ასე მილიარდერი და რატომ გადაიფიქრა პოლიტიკური ოპონენტების დატუსაღება. შესაძლოა ის ქვეყნის შიგნით დაღმავალი საპროტესტო მუხტის კვლავ გამოღვიძებას მოერიდა; ანდა დასავლეთის კრიტიკის მორიგ ქარცეცხლს აარიდა თავი; ან სულაც, ამდენი პოლიტპატიმარი ერთად მისი სტანდარტებისთვისაც კი მეტისმეტია.

რაც არ უნდა უნდა იყოს რეალური მიზეზი, ფაქტი ერთია: ივანიშვილმა საკმარისად ჩათვალა ლელოს ლიდერებისთვის მიყენებული ზიანი, თაღლითების იარლიყი, ბიზნესისკენ მოჭრილი გზა და გადაწყვიტა, რომ მათი ციხეში ჯდომა ამ ეტაპზე მისთვის არ არის პოლიტიკურად მომგებიანი. მომგებიანობა იქით იყოს და ამ პროცესით, მის პრიორიტეტებში უფრო მნიშვნელოვანს - პირად უსაფრთხოებას რისკები საგრძნობლად შეუმცირა; მართალია "მამუკა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევა, თორემ რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!. 

ხოდა თავად რადგანაც გეოპოლიტიკის უზადო მცოდნეა, ამიტომაც აღარ გვაქვს ღრმაწყლოვანი პორტი და არც ამერიკელებს ეპარებათ უკვე ეჭვი, რომ მისივე მარიონეტი მთავრობა სახელმწიფო ინსტიტუტების ძირგამომთხრელ საქმიანობაში ისეთი წარმატებულია, როგორც არასოდეს, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში.

მთავარი კი აქ ალბათ მაინც ისაა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის ციხეში ჩასმით ის თავად დააყენებდა საფრთხის ქვეშ ოცნების მთავარ პოლიტიკური ხაზს, იმას რაზეც დგას ოცნების ძალაუფლების პარადიგმა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იმით მართლდება რომ ეს სამართლიანობის აღდგენის პროცესის ნაწილია, რასაც ოცნების მომხრეთა გარდა ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეებიც შეიძლება ეთანხმებოდნენ.

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის 9 წლით ციხეში გაშვებით კი ყველასთვის ცხადი გახდებოდა, რომ მარტო მიშა და ნაცმოძრაობა კი არ ისჯება  ძველი ცოდვებისთვის, არამედ ნებისმიერი რომელიც მილიარდერს ხელს შეუშლის ან თუნდაც ნერვებს მოუშლის.

პოლიტიკაში კი ყველაფერი საბოლოოდ არჩევნებსა და ამომრჩევლის ნებაზე დადის. ხაზარაძე-ჯაფარიძის პატიმრობის შემთხვევაში ამ პოლუსებს შორის ბალანსი დიდი ალბათობით ოლიგარქის მოწინააღმდეგე მხარეს გადაიხრებოდა - ლელოს ან თუნდაც სხვა “შუაშისტური" ამომრჩევლის ხმები უკვე თამამად წავიდოდა ალტერნატიული პოლუსის მხარეს, რადგან მათი ლიდერებიც იგივე უსამართლობის მსხვერპლად იქცნენ. ანუ მიშას ცოდვები არაფერ შუაშია, მთავარია ბიძინას ჰარმონიული ავტორიტარიზმის მიმართ არ გქონდეს ცოდვა ჩადენილი.

ალბათ ამიტომაც არ წავიდა ივანიშვილი ბოლომდე და ერთგვარი წუთშესვენება აიღო. თუმცა დროებით, რადგან შემდეგ პოლიტიკურ რაუნდს უკვე სააპელაციო სასამართლო და ბოლოს საჭიროების შემთხვევაში "მიუკერძოებლობით და პრინციპულობით“ ცნობილი ივანიშვილის ადვოკატი და აწ უზენაესი მოსამართლე შალვა თადუმაძე უმასპინძლებს. ასეა - ივანიშვილის ჰარმონიული ავტორიტარიზმის ყველა კარს მისი განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი მეციხოვნე დარაჯობს.


close დახურვა